გადმოცემით, უშგული ინახავს თამარ მეფის ნეშთს

  • დღეს თამარობაა. ფეისბუქზე, სვანეთინიუსი ძალიან საინტერესო პოსტს ბეჭდავს.

“1885 წლის “დროებაში” ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები “თამარობ”-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა და წინასწარმეტყველ იოანეს (ენაშ) ეკლესია ლატალში და ყველა ხატ-ჯვრებითა თუ სხვა სამკაულით შეუმკია. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარ დედოფალს ცხოვრების უმეტესი ნაწილი სვანეთში გაუტარებია. უშგულელები დღესაც დაბეჯითებით უჩვენებენ თამარ დედოფლის საზაფხულო და საზამთრო სადგომებს.

საზამთრო საცხოვრებელი აშენებულია გორაზე. ქვის გალავანში ოთხი კოშკი ყოფილა ჩატანებული, იქვე მდგარა პატარა ეკლესიაც.

საზაფხულო რეზიდენციას კი, ნამდვილად სტრატეგიული და პოეტური ადგილი უჭირავს. იგი დგას ლენკვერის მთაზე. აქედან ჩანს უშგულში შემომავალი ყოველი ბილიკი. კოშკს ერტყმის ოთხივ კუთხით კოშკებით დამშვენებული ქვის გალავანი, ეზოში დგას მცირე ეკლესია. “უშგულისავე ეკლესიაში ხალხი აჩვენებს თამარის ტანისამოსს. ხუთი წლის წინათ ჩვენ ვნახეთ აქ ზანდუკში შენახული ქალის ერთი წყვილი ტანისამოსი, რომელთაგან იყვნენ ყანაოზის (ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი), პერანგი და წითელი ხავერდის ქათიბი (ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვშემოვლებული). დანარჩენი სულ დაჩრჩილული იყო და დღეს ალბათ ყველა ჩრჩილის მსხვერპლი გახდებოდა. წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერში უჩვენებენ თამარის ნაწნავებსა და ქოშებს.

თავისუფალ სვანეთში დარჩენილია ხალხური სიმღერა თამარ დედოფალზე. ფერხულში იმღერიან ამას და ისეთი ახლართულ-ჩახლართული ფეხის ხმარება უნდა, რომ მარტო უშგულელებმა იციან ეს ფერხული”.

სხვა თქმულება ამბობს, თამარ მეფე როცა სვანეთში ამობრძანდებოდა და ისეთ სოფელში გაივლიდა, სადაც საყდარი არ იყო, იქ უცებ საყდარს აშენებდაო. იმდენი ლაშქარი ახლდა, რომ კირი და სილა ქალებს – ლეჩაქის, კაცებს ყაბალახის ყურში ჰქონდათ გამოკრული და ამით აშენებდა საყდრებსო. ამნაირად აშენებულად არის მიჩნეული ლაშხეთის სოფელ ჩუკულის ეკლესია, რასაც თვით თამარის წარწერა მოწმობს. საყდარს დიდებული ხატები და მხატვრობა ამშვენებს.

სვანების თქმულებით, თამარ მეფეს ორი მერცხალი ჰყავდა: ერთი თეთრი, მეორე შავი. ორივე – ოქროს ყუთში ჩამწყვდეული. როდესაც ქვეყნისათვის წვიმა იყო საჭირო, მაშინ შავ მერცხალს ცას დაანახვებდა და მოვიდოდა ქვეყნის გამაპოხიერებელი მშვიდობიანი წვიმა. როდესაც თეთრ მერცხალს დანახვებდა ცას, მაშინ კი თოვლი მოვიდოდა. ამიტომაც თეთრ მერცხალს ძვირად თუ დაანახვებდა ცის სინათლეს, რის გამოც თამარის დროს დიდი თოვლი არ მოდიოდა. უშგულელთა თქმით, თამარ დედოფლის საფლავზე, უშგულში, ბევრი ნაძვია და ამიტომ ვერავინ გაიგო, სად მარხია. ამ თქმულების ვარიანტი გადმოცემული აქვს ალექსანდრე ხახანაშვილს: სვანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თამარის ნეშტს, რადგანაც მას უკავშირებენ სვანეთის დოვლათიანობას. პროფესორ ქსენია სიხარულიძეს 1945 წელს, სავანეთში ექსპედიციაში ყოფნისას, 100 წელს გადაცილებული ქალდარ ნიჟარაძისთვის უთხოვია, ეამბნა ეს თქმულება. მოხუცი განრისხებულა. “იმის შიშით, რომ ექსპედიციის წევრებს არ მოეპარათ თამარის ნეშტი და ამგვარად არ წაერთმიათ დოვლათიანობა სვანეთისთვის, უარი თქვა თქმულების შინაარსის მოყოლაზეო,” – ბრძანებს ქსენია სიხარულიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *