სტიქიამ მესტიის მუნიციპალტეტში პრობლემები შექმნა

  • მესტიის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს, დაზიანებულია გზა.

მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა “ხერაშის” ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.

ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს.

სოფელ იფარში, მდინარე “ლასილურამ” წაიღო სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც დატოვებული ჰყავთ მერძეული საქონელი.

ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *