ვიკა ფილფანი, შოვში, მოხალისედ წავიდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შოვში, მეგობრებთან ერთად, მოხალისედ წასული ვიკა ფილფანი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში, მოხალისედ იმდენი ხანი დარჩება, რამდენიც საქმეს დასჭირდება.

ახლა მას და მის მეგობრებს, შოვში, მაშველები, სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაობის მონაწილეები “შოვის ანგელოზებს” ეძახიან. მესტიის ახალგაზრდა აქტივისტი, საკრებულოს წევრი, სვანეთისთვის გაკეთებული არაერთი კეთილი საქმის ავტორი, პროფესიით იურისტი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ექსტრემალური სპორტით გატაცებული ახალგაზრდა, მეგობრებთან, წალენჯიხელ ალექს შანავასთან, რაჭველ ეთო არსანიძესთან ერთად ბრუნდებოდა მუხურის ტურიდან. მათ, სწორედ გზად, ზუგდიდში, გაიგეს შოვის მეწყრისა და ტრაგედიის ამბავი და მყისიერად გადწყვიტეს წასულიყვნენ იქ, სადაც მათი დახმარება იმ წუთებში ყველაზე მეტად იყო საჭირო.

ვიკა ფილფანი: ”მე და ჩემი მეგობრები მუხურის ტურიდან ვბრუნდებოდით. სწორედ ზუგდიდში გავიგეთ, რა ხდებოდა შოვში და გადავწყვიტეთ, სტიქიის ზონაში წავსულვიყავით დასახმარებლად. ოპერატიულად შევქმენით დაზარალებულთა დახმარების ანგარიში, პირველი ორი დღისთვის სამყოფი თანხაც უცებ ჩაირიცხა. ადგილზე ზუგდიდში, საკრებულოს თავმჯდომარეს გიგა ფარულავას დავუკავშირდით. გიგაც სწარაფად ჩაგვერთო – ფინანსები იყო, პროდუქტები, თუ საჭირო ნივთების ყიდვა, მანქანაში მათი ჩატვირთვა. გავემგზავრეთ ორი მანქანით. შოვში, სადაც უშუალოდ მეწყერი ჩამოწვა, რა თქმა უნდა, არავინ შეგვიშვა, იქ მხოლოდ მძიმე ტექნიკა და მაშველები შედიან. ჩვენ შოვის შესასვლელთან გლოლაში- მდინარე დღვიორას მიმდებარედ დავბანაკდით. ღამე ადგილობრივმა მცხოვრებმა შეგვიფარა. დილიდან გამოვიტანეთ საველე დახლი შევქმენით, ჩვგამოვიტანეთ ჩვენი პროდუქტები, პირველი დახმარების ნივთები… ცხელი კერძიც გავუკეთეთ მაშველებს, დაზარალებულების ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ ელოდებიან და არ იციან რა შედეგით დამთავრდება მათი ახლობლების ძებნა.

დღეს შოვშიც შეგვიშვეს-სტიქიის ზონაში. იქ ყველაფერი მძიმე სანახავია. მე შევეცადე რამდენიმე კადრი გადამეღო, ეს რა თქმა უნდა, ფრაგმენტებია იმ მძიმე მდგომარეობის რაც იქაა განვითარებული. მე და ჩემი მეგობრები აქ დავრჩებით მანამ, სანამ აქაურებს დავჭირდებით.”