- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დღეს, 30 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.
შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ფორმატის საინფორმაციო შეხვედრა პირველად გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.
მსგავსი შეხვედრები სააგენტოს საშუალებას აძლევს, რეგიონების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და სერვისები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა გააძლიეროს.

