პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

“2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში. ამასთან, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.

რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.

2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge.

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge”,-აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცაში.