განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ფარგლებში მესტიაში შეხვედრები გამართა

  • პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში” საკითხის თემატური მოკვლევის ფარგლებში მესტიაში შეხვედრები გამართა.

სამდღიანი გასვლითი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოკვლევის ჯგუფის წევრებმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს და ადგილობრივი სკოლების მიერ მუზეუმის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნენ. ამავე პროცესში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსის გამოყენების პრაქტიკის გასაცნობად, დეპუტატები პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდს” ესტუმრნენ, ხოლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო რესურსების პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სოფელ ლატალის საჯარო სკოლას და მესტიის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
“დღეს ვესტუმრეთ პროფესიულ კოლეჯს მესტიაში, ასევე ორ საჯარო სკოლას. დავათვალიერეთ სასწავლო ინფრასტრუქტურა და გავეცანით იმ პროგრამებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენი მოკვლევისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ, რა პირობებში უწევთ ჩვენს მოსწავლეებს და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს სწავლა, რათა მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მოკვლევის მიზანია პოლიტიკის განსაზღვრისა და რეფორმების განხორციელების პროცესში რეგიონების ჩართულობის გაზრდა და სფეროში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა.

განათლების და მეცნიერების კომიტეტისათვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ადგილზე გავეცნოთ, თუ რა ტიპის საგანმანათლებლო რესურსები, გამოწვევები და პრობლემები არსებობს”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

გასვლითი სამუშაო ვიზიტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მიერ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსსამსახური ავრცელებს