- USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის – პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებები ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ პრეზენტაცია, თბილისში 14 დეკემბერს გაიმართა.
ღონისძიების მიზანი გახლდათ კვლევის შედეგების გაცნობა დამსწრე საზოგადოებისთვის და დისკუსია კვლევის ძირითადი მიმართულებების გარშემო, რაც მოიცავს მუნიციპალურ საჯარო სერვისებს, კერძოს სექტორის სერვისებს, ადგილობრივ მმართველობას და მოქალაქეთა მონაწილეობას.
კვლევა ჩატარდა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ და მიზნად ისახავს მუნიციპალური საქმიანობის, პროგრამების და სერვისების მიმართ მოქალაქეთა და ბიზნესების დამოკიდებულებების შეფასებას.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის აღნიშნული პროგრამა 12 პარტნიორ მუნიციპალიტეტში განხორცილედა – მესტია, ბათუმი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქუთაისი, ტყიბული, ონი, ლენტეხი, , ბოლნისი, რუსთავი, მარნეული და დმანისი.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საკვლევ მუნიციპალიტეტებს შორის მესტიის მუნიციპალიტეტი ლიდერ პოზიციაზეა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ მესტიის მუნიციპალიტეტში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საშუალოზე მაღალია. ასევე მაღალია ინფორმირებულობა მუნიციპალური კომპეტენციების თაობაზე, ხარისხის პარამეტრებითა და ზოგადად სერვისებით კმაყოფილებაც საშუალოზე მაღალია. ჯამურად მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა 64%-ს შეადგენს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში 370 რესპონდენტი გამოიკითხა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებიდან. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი გაიმართა როგორც დისკუსიები ასევე სიღრმისეული ინტერვიუები (სულ 4 ინტერვიუ). კერძოდ, ინტერვიუები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და შშმ პირებთან ჩატარდა, დისკუსიები კი მოქალაქეების, სერვისის მიმწოდებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართა.
პროგრამის პრეზენტაციაზე სამი პარალელური სესია გაიმართა:
• სესია – კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი: მუნიციპალური სერვისების მიწოდების რეფორმა;
• სესია – დიალოგი განვითარებისთვის: თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემაში;
• სესია – ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი თემების პერსპექტივიდან.
პანელურ დისკუსიაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი თემების პერსპექტივიდან“ მესტიის მუნიციპალიტეტი წარმოადგინა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ქეთევან ხარძიანმა, რომელმაც ისაუბრა კვლევის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებზე და იმ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის წარმართული სწორი კომუნიკაცია უზრუნველყოფს ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას და საერთო ჯამში სწორად წარმართულ დეცენტრალიზაციის პროცესს. ქალბატონმა ქეთევანმა ასევე აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ითანამშრომლონ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პროგრესის მისაღწევად.
პროგრამა გეგმავს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით და დაეხმარება ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის გაძლიერებაში.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს