მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს

  • საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტმა 16-17 ოქტომბერს მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწყო, სადაც ფერმერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები. პურისა და ხორბლის ფესტივალი, სადაც ძველი ქართული ხორბლის ჯიშებიც იყო წარმოდგენილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით ჩატარდა.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მონაწილეობით გამართული დისკუსიებითა და სემინარებით გაგრძელდა და სურსათის უვნებლობის თემები მოიცვა.

ღონისძიებას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოანი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – კაპიტონ ჟორჟოლიანი, UN Women-ის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და UN Women-ის პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მსოფლიო სურსათის დღეს FAO ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-დე ქვეყანაში აღნიშნავს.