სვანეთის რეგიონი მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ადგილს იმკვიდრებს

  • ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, სვანეთმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.

„უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა“ – ამ სლოგანით წარსდგა საქართველო ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ITB-Berlin-ეს არის მოვლენა, სადაც იქმნება მომავლის მოგზაურობა, ყალიბდება მყარი ბიზნეს კავშირები, მსოფლიო ერთიანდება სამომავლო გეგმების გასაზიარებლად და სწორედ აქ ხდება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე აღნიშნული სტატუსით მონაწილეობა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს არის დასტური იმისა, რომ ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრია არსებობს და ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ხორციელდება მთის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით, სვანეთის დანიშნულების ორგანიზაცია „შან-ლენდი“ წარდგენილი იყო 4 ტურისტული კონცეპტით: სათავგადასავლო შეთავაზებებით, სალაშქრო ფესტივალის პანელური დისკუსიით, საქართველოს სათავგადასავლო შთაბეჭდილებების წარდგენით და ზემო სვანეთის და რაჭის სალაშქრო მეგზურის პრეზენტაციით.

„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, ჩვენ ვნახეთ დიდი კონტრიბუცია უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონალური ტურიზმის, „დიემო“-ების გაძლიერებას. ეს ასევე აძლიერებს რეგიონებში ოპერირებად მცირე და საშუალო მეწარმეებს. დონორების მხარდაჭერით, ჩვენთან ერთად ბერლინში იმყოფებოდა სვანეთის „დიემო“, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად რეგიონის პოპულარიზაციასაც.“ – აცხადებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ITB Berlin 57 წლის განმავლობაში ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითი გამოფენის სტატუსს ტურიზმის სექტორში. წელს 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობდა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებიდან, რომლებსაც გასაოცარი შესაძლებლობა ჰქონდათ, დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის მოწინავე წარმომადგენლებთან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰაიმი ხაზს უსვამს საქართველოს ტურისტული შეთავაზების ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების მნიშვნელობას. – „მივესალმები ქართული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის, სვანეთის „დიემოს“ მონაწილეობას წლევანდელ ITB-ზე. ვიმედოვნებ, რომ ქართული ტურისტული ოპერატორებისთვის ეს ვიზიტი სასარგებლო იქნება, რათა მათ შეძლონ საკუთარი პროდუქტების უახლესი ტენდენციების შესაბამისად განვითარება და ასევე, ახალი პარტნიორების შეძენა, მწვანე და ციფრული მიმართულებით გადასასვლელად “.

სვანეთმა, როგორც საქართველოს დამალულმა მთის საგანძურმა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები შესთავაზა საერთაშორისო ვიზიტორებს.

„ITB Berlin-ზე ჩვენ წარვადგინეთ ტურისტული პროდუქტები, ეს არის საფეხმავლო ტურები, კულტურული ტურები, პილიგრიმული ტურები, კულინარიული ტურები და სათხილამურო ტურები. ეს გამოფენა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვანი პროდუქტებით საერთაშორისო აუდიტორიას დამალული მთის საგანძური გავაცნოთ, მოვიზიდოთ ტურისტები, რაც რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს. “ – გვიამბობს სვანეთის DMO-ს ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი.

გარდა გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო პოზიციონირდეს, როგორც ევროპული კულტურის და ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

„ერთის მხრივ საქართველო, როგორც ქვეყანა მზადაა თავისი კონტრიბუცია შეიტანოს ევროპულ ტურიზმში, შესთავაზოს ახალი სერვისები, შესთავაზოს ახალი ქვეყანა აღმოსაჩენად და მეორეს მხრივ, თავისი, უკვე წარმატებული ევროპელი კოლეგებისგან გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც მათ დაუგროვდათ“- ასე აფასებს საქართველოს პერსპექტივას დესტინაციის ბრენდის ექსპერტი ლევან კობერიძე.

მსგავსი ტიპის პლატფორმებზე მონაწილეობა საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, შეიძინოს მყარი ბიზნეს კავშირები, კიდევ უფრო კარგად გააცნოს ევროპულ ქვეყნებს საკუთარი ტურისტული პოტენციალი, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს და ტურიზმის ინდუსტრიის ახალ ნიშნულებამდე აყვანას.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს