ხაიში-საკენი-ომარიშარას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზემო სვანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნენსკრას ხეობაში მდებარე ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის 3,1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზა უმოკლესი დამაკავშირებელი მარშრუტია ზემო აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის

“სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ხაიშთან იწყება და მიუყვება მდინარე ნენსკრას ხეობას. პროექტის ფარგლებში იგეგმება: ცემენტ-ბეტონის საფარის, ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, მიერთების, ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა; ახალი სახიდე გადასასვლელის აშენება მდინარე ნენსკრაზე.

პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 6.2 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.