- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორს, მიხეილ გოგოლიძეს შეხვდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ, რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს, მათ შორის, ხაზი გაესვა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად განსახორციელებელ სამუშაოებს. ასევე, საუბარი შეეხო მესტიის გადამტვირთავი სადგურისა და ზუგდიდის 3 სოფლისთვის (დიდინეძი, ცაცხვი, ორულუ) საზოგადოებრივი საინვესტიციო პროექტების საჭიროებას, რისი განხორციელებაც საწყის ეტაპზეა.
შეხვედრის მიზანი იყო, ნარჩენების მართვის კუთხით, მხარეების მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმებულად მუშაობა.
სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი ნადარაია და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ბარამია ესწრებოდნენ.

